ЭКОНОМИКА

"ყარაბაღი ისტორიული ტრამვაა"

21.11.15 19:37




ინტერვიუ ვაშინგტონში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტთან არსებული კვლევითი ცენტრის დირექტორთან გონულ ტოლთან

ინტერვიუს დასაწყისში გონულ ტოლმა ამგვარად დაახასიათა თურქულ-სომხურ ურთიერთობებში ამჟამად არსებული დინამიკა:

„მე ვფიქრობ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ამჟამად გაყინულია. გასული წლის ოქტომბერში ორივე მხარემ დაგვანახა, რომ მათ ურთიერთობების ნორმალიზაცია სურთ, მაგრამ, როგორც თქვემ მოგეხსენებათ, ეს პროცესი შეფერხდა. თუ გავითვალისწინეთ იმას, რომ ორივე ქვეყანაში მალე არჩევნები უნდა გაიმართოს, მე არა მგონია, რომ არჩევნებამდე ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განახლდება."



რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის საკითხს, გონულ ტოლის თქმით, თურქეთის მთავრობამ ეს პრობლემა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ პროტოკოლის შესრულებას დაუკავშირა. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად თურქეთი სწორედ ამგვარ პოზიციას იკავებდა, ანუ სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებით განისაზღვრება. იმავდროულად სომხური მხრიდან ამგვარი პირობითობა სომხეთის კონსტიტუციას არღვევს. ამას გარდა, სომხეთის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ოსმალეთის იმპერიის დროს სომხების გენოციდთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას ითხოვს. ამგვარად თურქეთის ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული პირობითობა და სომხეთის უდრეკი პოზიცია გენოციდთან დაკავშირებით ერთგვარ გამოუვალ მდგომარეობას ქმნის.

„ეს ისტორიული ტრავმაა. ხოლო ისტორიული ტრავმების გადალახვა ადვილი როდია. თურქეთის მოსახლეობა აზერბაიჯანის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ეს კი იმით აიხსნება, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საერთო იდენტურობის ლინგვისტურ და ეთნიკურ კომპონენტებს იზიარებენ. ამას გარდა აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა თურქეთისთვის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გამოც. ამდენად მე არა მგონია, რომ თურქეთის ამჟამინდელი მთავრობა მთიანი ყარაბაღის საკითხს ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს. ხოლო სომხეთი ყარაბაღიდან სამხედრო ძალების გაყვანას ნამდვილად არ აპირებს. შედეგად ნორმალიზაციის პროტოკოლი ჩიხშია მოქცეული. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა გლობალური და რეგიონალური ზესახელმწიფოების, შეერთებული შტატებისა და რუსეთის, ძალისხმევა. მე ვეჭვობ, რომ რაიმე გარიგების გაფორმება შესაძლებელი იყოს რუსეთის თანხმობის გარეშე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია რეგიონალური დინამიკა."

გონულ ტოლი აღნიშნავს, რომ სომხეთი მსოფლიოში იმ ქვეყნების მცირეოდენ რიცხვში შედის, რომელთა სახელმწიფო საზღვრების ნაწილი დახურულია. როგორც ცნობილია, სომხეთის აღმოსავლეთის და დასავლეთის საზღვრები დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა დამოკიდებულია რუსეთსა და ირანზე. ეს რასაკვირველია, შეერთებული შტატების ინტერესებს არ შეესაბამება და ამდენად ამერიკას მოუხდება ზეწოლის მოხდენა, რათა პროტოკოლები ამუშავდეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის აღსადგენად.

გონულ ტოლის თქმით, ბევრი ანალიტიკოსი ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთის განცხადების გულწრფელობას იმის შესახებ, რომ თითქოსდა თურქულ-სომხური საზღვრის გახსნა დადებით გავლენას მოახდენდა რეგიონზე. ამასთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავს:

„მე სულაც არა ვარ დარწმუნებული მათ გულრწფელობაში რადგან რუსეთს მისი გავლენის სფეროს შენარჩუნება აინტერესებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რუსეთი ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთის ეკონომიკაში. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თუნდაც ის, რომ სომხეთის ელექტროენერგიის მომარაგების სისტემის 80 პროცენტსა და მთელ რკინიგზას რუსეთი აკონტროლებს. ამდენად სომხეთისთვის რუსეთი უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მოსკოვის თანხმობის გარეშე, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ლაპარაკი ზედმეტია."

ინტერვიუს დასასრულს გონულ ტოლმა ასეთნაირად შეაფასა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ცოტა ხნის წინ დასრულებული პირველი ოფიციალური ვიზიტი კავკასიის რეგიონში:

„კლინტონის ვიზიტი რეგიონში ძალზედ მნიშვნლოვანი იყო რადგან ის იყო დემონსტრაცია იმისა, რომ შეერთებულ შტატებს სურს რეგიონში უფრო აქტიური როლი ითამაშოს. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია , ვინაიდან ამერიკა ამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გავლით ავღანეთში დისლოცირებული ჯარისთვის სამხედრო დანიშნულების მასალებს აგზავნის.

ამას გარდა, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება აზერბიაჯანიდან მიმავალ ბუნებრივი აირისა და ნავთობის მილსადენებსაც. მაგრამ შეერთებული შტატების პოზიციამ თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანთან დაძაბულობა დაბადა. რაც შეეხება საქართველოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შეერთებულმა შტატებმა მოქმედებისგან თავი შეიკავა, რაც ქართველების გულისწყრომა გამოიწვია. ამდენად კლინტონის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმის დადასტურება, რომ შეერთებული შტატები აფასებს ურთიერთობას მოკავშირე ქვეყნებთან რეგიონში."

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента